წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარის ახლო კონტაქტებს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ - ამის შესახებ განცხადება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გააკეთა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში კონტროლის გამკაცრების საჭიროება არ დგას.
არსებული ინფორმაციით, გამოკვლეულია 70-მდე ახლო კონტაქტი, რომელთაგან არიან ბენეფიციარები, მერიის თანამშრომლები, მოხალისეები და სათნოების სახლის თანამშრომლები.
სათნოების სახლის მმართველის, გიორგი ალიბეგაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსზე გამოკვლეული ბენეფიციარების რიცხვი მცირეა, რადგან, პირველ ეტაპზე, მხოლოდ ახლო კონტაქტები გამოიკვლიეს. როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, კორონავირუსზე ანალიზების აღება 190-ვე ბენეფიციარისთვის იგეგმება.
"სათნოების სახლში ირიცხება 190 ბენეფიციარი. აქედან, კვლევა ჩაუტარდა ძალიან მცირე ნაწილს, იმიტომ, რომ ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა ინფიცირებულთან. ეს პირები, ყველა, ამ ეტაპზე, თვითიზოლაციაში არიან. დღეიდან ვიწყებთ დანარჩენი ბეეფიციარების კვლევას და ვფიქრობთ, რომ ყველა, 190-ვე გამოვიკვლიოთ. 7 თანამშრომელი გვყავს, შვიდივე გამოვიკვლიეთ და ყველაზე უარყოფითი პასუხია მოსული, მათ შორის მოხალისეებიც გამოვიკვლიეთ და მათაც უარყოფითი პასუხი მოუვიდათ. უსაფრთხოების ყველა წესებს ვიცავთ და არამგონია, რომ რამე საშიშროება ემუქრებოდეს ვინმეს ჯანმრთელობას,"- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
სათნოების სახლში უსაფრთხოების მკაცრი ზომებია მიღებული. თერმოსკრინიგი უტარდება ადგილზე მისულ ყველა ბენეფიციარს.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში შიდა გავრცელების მეშვიდე კვირა დაიწყო. ვირუსის გავრცელების სწორედ ამ ეტაპს გულისხმობდნენ სპეციალისტები, როდესაც ამბობდნენ, რომ საქართველო პიკს უახლოვდება. ამ ფაზაში ქვეყანა 593 ინფიცირებულით შევიდა, თუმცა დაანონსებული სცენარის მიხედვით, არ არის გამორიცხული, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.