18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე, გვაქვს ტეხილი - ჯანდაცვის მინისტრი ეპიდსიტუაციაზე

​ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში ეპიდსიტუაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელება ქვეყანაში ჰგავს არა ვაკეს ან პლატოს, არამედ ტეხილს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში პოზიტიური დინამიკაა, არის მნიშვნელოვანი "ნახტომები" დღეში 30-მდე დაინფიცირებულის სახით.

"ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე. თუმცა ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ ეპიდსიტუაციის აღწერისთვის. რეალურად, ჩვენ რომ დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაქვს ტეხილი და შეგვიძლია შემოვიტანოთ ახალი ტერმინი, რომელიც ყოველ დღეს აღნიშნავს მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დინამიკა, იქიდან გამომდინარე, რადგან ორი კვირის წინ იყო მნიშვნელოვანი ზრდა დაინფიცირებული ადამიანებისა, რაც დღესდღეობით, არის კლებაში. თუმცა, ამ კლების პროცესში, არის გარკვეული დღეები, როდესაც არის ნახტომი და ჩვენ გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც 20-27 ინფიცირებული გვყავს 1 დღის მანძილზე,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საგანგებო მდგომარეობის დამთავრებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ კომენტარის გაკეთება ნაადრევია, თუმცა აცხადებს, რომ წესების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, პოზიტიური პროგნოზის საშუალებას დღეს არსებული მონაცემები იძლევა.

"მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღეს შედარებით ადრეა იმაზე საუბარი თუ რა იქნება 22 მაისს. თუმცა, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მთავრობა და მოქალაქეები მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ იმისათვის, რომ 22 მაისს ბევრად უფრო შევამსუბუქოთ და ვიზრუნოთ, რომ არ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა. თუმცა, ეს ყველაფერი კვლავ ეპიდმდგომარეობაზეა დამოკიდებული და ყველა იმ ქცევით ნორმაზე, რაც ამ სამი თვის მანძილზე საკმაოდ კარგად შევისწავლეთ. უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს, - განაცახადა მინისტრმა. 

დღის ამბები