ბოჭორიშვილის კლინიკისა და საგარეჯოს "ნიუ ჰოსპიტალსის" თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, განმეორებითი ტესტირება დღეს ჩაუტარდება.
როგორც ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს, ეჭვი, რომ პირველადი კვლევის შედეგები არასწორია. მისივე ინფორმაციით, ოქროს სტანდარტის, PCR ტესტების სანდოობის ხარისხი 85%-ია და შეცდომის ალბათობაც არის. კლინიკის წარმომადგენელი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მედიკოსის პირველადი კვლევა სწრაფი ტესტით მოხდა.
"მედიკოსი, რომელიც საგარეჯოს კლინიკაშიც მუშაობს და ბოჭორიშვილის კლინიკაშიც, იმყოფება იზოლირებულად ბოქსირებულ სექტორში. გვქონდა ერთი პრეცედენტი ცოტა ხნის წინაც და გვაქვს ახლაც, როდესაც მედიკოსების შეხედულებისამებრ ხდება კვლევის გადამოწმება. ეს მედიკოსი დადასტურებულ 66 პაციენტში ამჯერად არ მოიაზრება. დღეს მოხდება გადამოწმება ოქროს სტანდარტით. ამის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, ვადასტურებთ თუ არა ამ დიაგნოზს. ყოველი შემთხვევისთვის, კონტაქტები შესწავლილია, რომ დადასტურების შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს. კონტაქტები კარანტინში გადაჰყავთ,"-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მაკა სოლოღასვილის თქმით, კლინიკაში სპეციალური სქემები მოქმედებს და მედიკოსების ჯგუფების ერთმანეთთან შემხებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. მისივე ინფორმაციით, PCR ტესტირება ჩაუტარდა ბოჭორიშვილის კლინიკის 23 თანამშრომელს და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.