უკრაინაში საქართველოს ელჩს საკუთარ ქვეყანაში განმარტებების გაკეთება მოუწევს. ხელისუფლება დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე, მიხეილ სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის გამო ელოდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველო არ განიხილავს მეგობარ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა, ამ ფონზე ბევრი კითხვა ჩნდება, რატომ ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორი, მსჯავრდებულ და ძებნილ მესამე პრეზიდენტს რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.
"სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დანიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც. მიუხედავად იმისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონ თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში, კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე. მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა, ბუნებრივია ,არ განვიხილავთ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორების გადახედვას,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოწვევა, მათ შორის კონსულტაციების დონეზეც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯერ კიდევ მაშინ დაანონსა, როდესაც უკრაინულ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერობა შესთავაზეს.