18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები მუშაობას განაახლებენ. ბიზნესის წარმომადგენლებს მუშაობის გასაახლებლად გარკვეული სტანდარტების დაცვა მოუწევთ. ამ თემაზე ბიზნესომბუდსმენს, შრომის ინსპექციის ფედერაციის უფროსსა და სილამაზის სალონის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე საათიანი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, კითხვა პასუხის ფორმატით მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესომბუდსმენმა განაცხადა, რომ ის სტანდარტები, რომლის დაცვაც ბიზნესებს მოუწევთ, სრულიად მორგებულია რეალობას და მისი დაცვაც რთული არ იქნება.
"სტანდარტებში სრულადაა ასახული ის საჭიროებები, პრაქტიკა და რეალობა, რომელიც აბსოლუტურად შესრულებადია ბიზნესის მიერ და ხელს შეუწყობს აი ამ დარგის სწრაფად გახსნას და ეფექტურად მუშაობას,"- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ისაუბრა იმ წესებზე, რომლის დაცვაც იმ სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს მოუწევთ, რომლებიც მუშაობას ორშაბათიდან, 18 მაისიდან განაახლებენ.
"წინასწარი ჩაწერით უნდა განხორციელდეს პროცედურების მიღება. შესასვლელში უნდა იყოს დეზობარიერი; სადაც არის 20-ზე მეტი დასაქმებული, უნდა განხორციელდეს ტემპერატურული სკრინინგი; უნდა იყოს დროებითი, გამჭვირვალე ბარიერი რეგისტრატურაში, სალაროსთან; ასევე, იქ, სადაც ვერ ხორციელდება 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, უნდა აღიმართოს დროები დამცავი ბარიერები,"- განაცხადა ბექა ფერაძემ.
სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი თამარ შარაშენიძემ იმედი გამოთქვა, რომ რეკომენდაციები ბიზნესზე მორგებული იქნება.
"სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა ბიზნესომბუდსმენის აპარატთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. ეს არი იყო პირველი შეხვედრა, ეს იყო მრავალი შეხვედრისგან შემდგარი პროცესი. საბოლოოდ, მივიღეთ რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ ბიზნესის მხრიდან, რომელიც მუშაობდა ფედერაციის ჯგუფი და იმედი მაქვს, ჩამოყალიბდა ბიზნესზე მორგებული რეკომენდაციები,"- განაცხადა თამარ შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება - გადაწყვეტილების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ეკონომიკის გახსნის გარკვეული ეტაპის კიდევ დაჩქარდეს.