ე.წ. შავი სამყაროს რამდენიმე ავტორიტეტს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინება. საქმე ეხება ქურდულ გარჩევებს, ფულის გამოძალვას, ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. 13 დაკავებულიდან 9 ე.წ. კანონიერი ქურდია. მათ შორის არიან წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირებიც. გამოძიება არ ასაჯაროებს იმ ბიზნესმენის ვინაობას, ვის მიმართაც დანაშაულია ჩადენილი.
ერთ-ერთი დაკავებულის უფლებადამცველი ცოტნე ტყებუჩავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შორს არის ქურდული მენტალიტეტისგან და მას ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებისთვის დახმარების მიზნით არ მიუმართავს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პიროვნებამ თვითონ თქვა, ძალიან შორს ვარ ქურდული მენტალიტეტისგან და არც დახმარებას არავის ვთხოვდი არავის გულისთვისო.
თუ არ ვცდები 2 ადამიანს იცნობს და ისიც საიდან იცნობს იცით? სადაც მუშაობს, იქვე არიან ახლოს. დანარჩენები ვინ არიან, საერთოდ ქურდული მენტალიტეტი და მათი წარმომავლობა, მისთვის საერთოდ გაურკვეველია.
ერთ საწყალი ადამიანია, რომელიც 24 საათი მუშაობს იმისთვის, რომ შვილს ოპერაცია გაუკეთოს," - განაცხადა უფლებადამცველმა.
ადვოკატ ზურაბ ბეგიაშვილის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქურდული სამყაროს წევრებისადმი მიმართვისთვის ედება ბრალი.
"მას სავარაუდო ნიშნებით ედება ბრალი 223/4 პრიმა მუხლით, რომელიც ქურდული სამყაროს წევრებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.
დაცვის ქვეშ მყოფთან, რა თქმა უნდა მქონდა კომუნიკაცია, თუმცა საუბრის შინაარსს და პოზიციებს, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ბრალდებულის უფლებების თვალსაჩინო რეალიზების მიღმა, ამაზე ვერ ვისაუბრებ," - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა.
დაკავებულების სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნათია გოგიშვილი