უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა - პეკინის გამზირზე 27 წლის ქალი მე-4 სართულიდან გადავარდა. მეზობლები "კურიერთან" საუბარში ამბობენ, რომ ის გადმოაგდეს. ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, საცხოვრებელ ბინაში უცხო მამაკაცი შენიშნეს, შემთხვევის შემდეგ კი სახლის კარი ღია იყო.
ის ფაქტი, რომ საცხოვრებელი სახლის კარი სამართალდამცავებს ღია დახვდათ, ადგილობრივებს ეჭვს უჩენს. როგორც "კურიერთან" საუბარში ისინი აცხადებენ, გუშინ საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე, საიდანაც ქალი გადმოვარდა, უცხო მამაკაცი შენიშნეს და დაპირისპირების ხმაც გაიგეს. შემდგომ უკვე მეზობლები დახმარებას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი იყო ქალბატონი, რომელსაც შველა სჭირდებოდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. "კურიერის“ ინფორმაციით, 27 წლის ქალი, რომელიც ამ დროისთვის "ევექსის" კლინიკაში იმყოფება, საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და დაპირისპირება არავისთან ჰქონია, თუმცა ადგილობრივები სულ სხვა ვერსიასა და გარემოებებზე საუბრობენ.
"ჩემი ძმა ეწეოდა აივანზე და შემოვარდა ბავშვი გადმოვარდაო, მეზობელი ყვირის წინა კორპუსიდანო და რომ გავიხედეთ, ახალგაზრდა ქალი, ბავშვი იყო, გოგო, პიჟამო ეცვა, ეგდო ძირს. სახლი ქირავდებოდა დღიურად, ჩემი ინფორმაციით, არ ვიცი, არც ვიცნობთ. დავინახე ვიღაც მამაკაცი, გაღებული ჰქონდა კარი, ვიღაცას ეტყობა ელოდებოდა. მეზობლებს უთქვამთ, რომ დაპირისპირება ფანჯრიდან დაუნახავთ. ხომ ჩანს ფანჯრიდან, კამათი იყოო. როცა პოლიცია მოვიდა, კარი ღია იყო," - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
"კურიერმა"იმ პირის ვინაობა გაარკვია, რომელსაც ეს საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის, პეკინის ქუჩაზე აღნიშნული სახლის მფლობელი თენგიზ კალანდაძე, რომელიც ამ დრომდე "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
27 წლის ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კი ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა პეკინის გამზირზე წუხელ ღამით მოხდა, რა დროსაც 27 წლის გოგო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა.