ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ხათუნა ქვარცხავა, რომლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილ სკანდალურ ფეისბუკპოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მას მოსწავლეები უყვარს, თუმცა ძველი წყენა გაახსენდა. ხათუნა ქვარცხავა მისი მხრიდან დისკრიმინაციას ან ბავშვების გამორჩევას გამორიცხავს, აქვე დასძენს, რომ პოსტის გამოქვეყნებას ნანობს, რადგან არ მოელოდა, რომ ამას მსგავსი რეაგირება მოჰყვებოდა.
"ძალიან პატარა წყენა იყო ერთი-ორი წლის წინ, რომელიც ცუდად გამახსენდა. არაფერი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, მაგრამ ცუდად მომაგონდა, მხოლოდ ამიტომ დავდე... ამას შესაბამისი კომისია იძიებს. არც მიფიქრია, რომ ამხელა რამე მოჰყვებოდა. ვნანობ რა თქმა უნდა, გამოვიდა რომ არ არის სწორი ასე ჩემი მხრიდან, ეს რომ მეფიქრა და გამეაზრებინა, რა თქმა უნდა ამას ასე არ დავწერდი," - განაცხადა თამარ ქვარცხავამ.
მოსწავლეებს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი არ სურთ. თავის მხრივ, სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა ამბობს, რომ მისთვის მსგავსი ქმედება მიუღებელია და აცხადებს, რომ საკითხს სკოლის კომისია შეისწავლის.
ფეისბუკპოსტში, რომელიც ხათუნა ქვარცხავამ 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს.