ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მან თავად გადასცა დისციპლინარულ კომიტეტს ქიმიის მასწავლებლის საკითხი განსახილველად. ნინო გოგინავა აცხადებს, რომ მსგავსი ქმედება მასწავლებელს არ ეკადრება:
"ჩემთვის როგორც სკოლის დირექტორისთვის, როგორც მასწავლებლისთვის მიუღებელია. მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა და მასწავლებელს არ ეკადრება მსგავსი ქმედება. დისციპლინარულ კომიტეტს გადავეცი თავად მე, განსახილველად და შესასწავლად საკითხი , რომელიც ორშაბათს შეიკრიბება და დაიწყებს განხილვას,"- აცხადებს ნინო გოგინავა
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის ხათუნა ქვარცხავას მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილ სკანდალურ ფეისბუკპოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფეისბუკპოსტში, რომელიც ხათუნა ქვარცხავამ 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს.
სკანდალური ფეისბუკპოსტის ავტორი მასწავლებელი ხათუნა ქვარცხავა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მას მოსწავლეები უყვარს, თუმცა ძველი წყენა გაახსენდა. ხათუნა ქვარცხავა მისი მხრიდან დისკრიმინაციას ან ბავშვების გამორჩევას გამორიცხავს, აქვე დასძენს, რომ პოსტის გამოქვეყნებას ნანობს, რადგან არ მოელოდა, რომ ამას მსგავსი რეაგირება მოჰყვებოდა.