ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ფეისბუკლაივის დროს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
"უკვე 30 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ. რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ და ასე შემდეგ... ისე ჩამოვა ლუგარის ლაბორატორიაში რუსი, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი. რამდენიმეჯერ მოვიწვიეთ რუსი, ოღონდ არა მარტო რუსები, ამას არ დავუშვებთ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, 2018 წლის ნოემბერში 17 ქვეყნის 20 ექსპერტი და 5 დიპლომატი იყო ჩამოსული. ყველა ეს გამოხტომა რაც ახლა ხდება, არის გარკვეული პერიოდულობით და აქვს პოლიტიკური სარჩული
ამირან გამყრელიძემ რუს ჩინოვნიკს, გენადი ონიშენკოსაც მიმართა, რომელიც მოითხოვს, რომ ლუგარის ლაბორატორიის შესამოწმებლად რუსი მედიკოსების გარდა სამხედროებიც დაუშვან:
"ბატონო გენადი, ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად, ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს, ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას, გეუბნებიან, გავალებენ... 3-ჯერ დაგპატიჟეთ, გითხარით ბატონო გენადი, ვიცი რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს... კარგად იცი რითიც ვართ დაკავებული ამ ლუგარის ცენტრში, მოეშვით ამ "ველიკა ძერჟავულ" ჩვევებს, მარტო თქვენ, ვერ ჩამოხვალთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად," - მიმართა ამირან გამყრელიძემ ონიშენკოს.
"ეტყობა სამხედროებში ჯარს გულისხმობს, მე-11 არმიით შემოვა"- ამ რეპლიკით უპასუხა ხათუნა ზახაშვილმა ონიშენკოს მოთხოვნას.