18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ხათუნა ზახაშვილის შეფასებით, COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოს კარგი მონაცემები შემზღუდავი ღონისძიებების შედეგია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში იმ პროცესებზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ხათუნა ზახაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე სოლიდარობის კვლევაში პლაქვენილის დაბრუნებას გულისხმობს:

"კვლევა, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული სამკურნალო რეჟიმიდან პლაქვენილის ამოღება, მოიცავდა უზუსტობებს, არ იძლეოდა ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებებს და შესაბამისად შეიცვალა გადაწყვეტილება და დღეს პლაქვენილი მონაწილეობს კვლევაში და ისევ დაშვებულია მისი გამოყენება სამკურნალო მიზნებისთვის," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა პლაქვენილი კორონავირუსის მკურნალობის ქართულ პროტოკოლშიც, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კლინიკური ჯგუფი მსჯელობს. მისი თქმით, სავარაუდოდ გადაწყვეტილება პლაქვენილის სასარგებლოდ იქნება მიღებული.

ხათუნა ზახაშვილი შეზღუდვების მოხსნასა და ინფიცირების შემთხვევების მატების შესაძლებლობასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეგულაციების მოხსნის შემდეგ შესაძლოა, ფარდობითი მატება იყოს, თუმცა პროცესები კონტროლს დაექვემდებარება. ამასთან ხათუნა ზახაშვილის თქმით, არსებულ კლასტერებთან მიმართებაში, სიტუაცია კონტროლირებადია, როგორც თბილისში, ასევე ბოლნისში  და შესაბამისი ზედამხედველობა გრძელდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიღბის ტარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ინტენსიური შესწავლის მიუხედავად ვირუსზე ინფორმაცია ისევ მცირეა, ამიტომ მთავარი აქცენტი პროფილაქტიკის საშუალებებზე კეთდება, ნიღბის ტარება კი პრევენციის კარგი საშუალებაა. 

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ამ პირობებში ქმედით რეგულაციას წარმოადგენს ჯარიმაც. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ნიღაბი ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს,  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ნიღბის მუდმივ რეჟიმში ტარებას არც არავინ ითხოვს:

"არავინ ითხოვს მუდმივად ეკეთოს ნიღაბი, არის გარემოებები, სადაც აუცილებელია. მას აქვს გარკვეული წესი და თუ ამ წესებს დავიცავთ, რისკის მომცველი არ იქნება. სწორად გამოყენებული ნიღაბი მოგვცემს გარანტიას, რომ დაავადების გავრცელებაზე მოვახდინოთ ზემოქმედება," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ხათუნა ზახაშვილი 20 ივნისს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქაც მნიშვნელოვანია საერთო რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც არის დისტანციის და ჰიგიენის დაცვა და ნიღბის გამოყენება.

ზახაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით სომხეთში არსებულ საგანგაშო ვითარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ კონკრეტული დახმარების შესახებ საუბარი მის კომპეტენციას ცილდება, თუმცა ქართული მხარე მზადაა მეზობლური ხელი გაუწოდოს სომხეთს და მხარდაჭერა გამოხატოს. ზახაშვილის თქმით, რეგიონში საქართველოს კარგი მონაცემები იმ შეზღუდვების შედეგია, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაწესდა.

დღის ამბები