25 აპრილი 2024,   12:32
ვრცლად
დავა უძრავ ქონებაზე, რომელიც რუსთავის მერის მოადგილეზე ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა

უძრავ ქონებაზე დავა, რომელიც რუსთავის მერის მოადგილეზე ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა - გოჩა ლორია, რომელიც მოქალაქემ სცემა, მედიასთან ისევ არ ჩნდება. უცნობია, რას ფიქრობს საჯარო მოხელე იმ დანაშაულზე, რომლის გამოც პოლიციამ 34 წლის ბექა თავაძე დააკავა. ის ამ დროისთვის რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას უკვე შეხვდა ადვოკატი.

განცხადება გაკეთდა რუსთავის მერიაშიც. ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მათ გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავის მერიის შენობაშივე დააკავეს.

არსებული ინფორმაცით, დანაშაული საჯარო მოხელის საქმიანობას უკავშირდება. ძალადობის ფაქტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

"კურიერის" ინფორმაციით, გოჩა ლორიას პირველადი სამედიცინო დახმარებაც ჩაუტარდა.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.

"კურიერმა" გაარკვია, რომ დაკავებული ბექა თავაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლისგან ითხოვდა განმარტებას - ოფიციალურად რატომ არ გადადიოდა უძრავი ქონება მფლობელის საკუთრებაში.

მას შემდეგ, რაც ვითარება დაიძაბა, მხარეების გასაშველებლად რუსთავის მერიის ადმინისტრაციამ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ძალადობაში დადანაშაულებული ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ბრალდებაც წაუყენეს. საჯარო მოხელე, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულია, დღეს სამსახურში არ გამოჩენილა.

პოლიციამ ინციდენტის თვითმხილველები უკვე დაკითხა. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. საქმეში ოფიციალური დოკუმენტების გარდა ვიდეოჩანაწერებიც დევს, რომლის შინაარსსაც ადვოკატიც საიდუმლოდ ტოვებს.

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს დაახლოებით 30 წლის წინ გადაეცათ. მათ შორის იყვნენ ბექა თავაძის მშობლებიც. 2016 წლიდან დღემდე მიწის გადაფორმების ნებართვის მისაღებად დაწერილ განაცხადზე ოჯახმა მერიისგან უარი 4-ჯერ მიიღო.

მუხლი, რომლითაც 34 წლის მამაკაცს რუსთავის მერის მოადგილეზე ძალადობას ედავებიან, საკმაოდ მძიმეა. მას ბრალი უკვე დაუზუსტდა, ახლა კი აღკვეთის ღონისძიების მოლოდინშია.

დღის ამბები