თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში "ლეიბორისტული პარტიის" წევრის ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი იწყება, რომელიც ალუბლების ბაღში მომხდარ ინციდენტს ეხება. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ბრალდება ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად ჩხარტიშვილი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას უკანონოს უწოდებს. და აქციებს აანონსებს.
"ნახევარ წელწადში მესამეჯერ პოლიტიკური პროცესი იმართება ჩემი, ივანიშვილის რეჟიმი გააქტიურდა რეპრესიების თვალსაზრისით და ჩემთან მიმართებაში აშკარად დევნის ხასიათს ატარებს. ეს ყოველივე. მე დაკავებული ვიქენი და დღეს შეიძლება მორიგ პოლიტპატიმრობაში აღმოვჩნდე იმიტომ, რომ ვცდილობდი ერთ-ერთი უკანასკნელი ბაღი, ალუბლების ბაღი გადამერჩინა. მე ვუტოვებ ჩემს ადვოკატს საჩივარს, რომელიც ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ შევა პროკურატურაში, მათ შორის საკრებულოს მხარდაჭერით. ასევე მათ გარანტირებული ექნებათ რამდენიმე აქცია, თუნდაც ამ ორკვირიანი პატიმრობის პერიოდში, იმის გამო რომ ქალაქში გვაბეტონებენ," - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ლევან ხაბეიშვილი ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს უკანონოს უწოდებს:
"ასამართლებენ ადამიანს, რომელიც იბრძვის იმ მიმართულებით, რომ ქალაქი არ დააბეტონონ და დაანაგვიანონ, ქალაქში არ ამოვიდეს კორპუსები სოკოებივით. ფაქტია რომ სერიოზულ უსამართლობასთან გვაქვს საქმე. იმ ქვეყნებში ზოგადად ასე ხდება, სადაც პროკურორიც, მოსამართლეც და პოლიციელიც არის ერთი კაცი," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა