რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 17 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათგან 6 კი მედპერსონალია:
"ბოლო მონაცემებით ჩვენთან კოვიდდადასტურებული 17 პაციენტია. აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ბოლო 72 საათში ჩვენთან პაციენტების რაოდენობამ მოიმატა. კვირის დასაწყისში იყო 3, ახლა გვყავს 17. აქედან 6 არის მედპერსონალი.
ჩვენთვის ძნელია ამ წყაროების დადგენა და თქმა. ყველაზე უფრო მოსახერხებელია, რომ ვთქვათ, რომ გარედან შემოვიდა. ბუნებრივია, ეს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ სივრცეში, სადაც კორონაინფიცირებულები არიან, არიან რისკის ქვეშ. ჩვენ ამისთვის პრევენციას მუდმივად ვატარებდით, 3-ჯერ გაიტესტა ჩვენი "სტაფი" და არც ერთხელ არ მოვიდა დადებითი და მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოლოში გავედით, სამწუხაროდ, მაშინ აღმოჩნდა," - განაცხადა ლევან გოფოძემ. მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოში სიტუაცია კი კონტროლს ექვემდებარება. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თქმით, ექიმები, ექთნები და სანიტრები 14 დღიანი რეჟიმით იმუშავებენ.
ლევან გოფოძის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო უკვე სამი თვეა ასრულებს როგორც ცხელების ცენტრის, ასევე კოვიდცენტრის ფუნქციასაც.