18 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
განგაშის საფუძველი უკვე არსებობს - საქართველოში მე-2 დღეა იმ პირთა რიცხვი იზრდება, რომელთა წყაროს დადგენაც ეპიდემიოლოგებს უჭირთ

უკვე მეორე დღეა საქართველოში იზრდება იმ პირთა რიცხვი, ვისი ინფიცირების წყაროს დადგენაც ეპიდემიოლოგებს უჭირთ. ღრმა კვლევების მიუხედავად, 8 კოვიდინფიცირებული პაციენტის კონტაქტების მოძიება ვერ მოხერხდა.

გორში მცხოვრებ 47 წლის ქალს  ვირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგები წყაროს ვერ ადგენენ. ინფიცირებული ავეჯის მაღაზია "ემბავუდის" თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, ქალი სამედიცინო დაწესებულებაში სასუნთქი გზების ინფექციაზე მკურნალობდა და მოგვიანებით მას ვირუსი დაუდასტურდა. მასთან დაკავშირებული 8 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

47 წლის ქალის შვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაშია დასაქმებული, მისი მონაცემები უკვე ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. თუმცა, ეპიდემიოლოგების თქმით, ვირუსის გავრცელების საფრთხე მისი მხრიდან არ არსებობს, რადგან ინფიცირებულის შვილი დისტანციურად მუშაობდა. ავეჯის მაღაზია დროებით დაკეტილია.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი გორში 47 წლის ქალის საცხოვრებელ უბანშიც იმყოფებოდა. მეზობლების ინფორმაციით, ამ დრომდე მათთან ეპიდემიოლოგები არ მისულან.

იზრდება მედპერსონალის ინფიცირებულთა რაოდენობაც. მედიკოსები პაციენტები გახდნენ. თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოლო 2 დღეში 6 მედპერსონალს ვირუსი დაუდასტურდა, მათი წყარო უცნობია. აქედან 2 გორის რაიონიდან, ერთი კი რუსთავიდანაა.

ამ დრომდე ვერ ხერხდება თსუ-ს დასუფთავების სამსახურის ინფიცირებული თანამშრომლის წყარო. 60 წელს გადაცილებული ქალის პირდაპირი თუ ირიბი კავშირები მოძიებულია. მათი რაოდენობა 12-ს შეადგენს. სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ განგაშის საფუძველი უკვე არსებობს, რადგან COVID-19-ის გავრცელება უკონტროლო ხასიათს იღებს.

თუმცა, მოქალაქეების ნაწილს დაწესებული შეზღუდვების შესრულება უჭირთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროსა და ავტობუსში დისტანცია დაცული არ არის. ხშირად პირბადის გამოყენებაზე უარს, როგორც მძღოლი, ასევე მგზავრებიც ამბობენ.

ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდის ფონზე და ეკონომიკის გახსნის პარალელურად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი გამკაცრდეს. დარღვევების შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და დაიცვან ყველა ის მითითება, რომლებიც აუცილებლია მათი ჯანმრთელობის დასაცავად.

დღის ამბები