ორი პარალელური სპეცოპერაცია თბილისსა და პანკისში, - "კურიერის" ინფორმაციით, ხეობაში, უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის შვილი, გედიშ ხანგოშვილი დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.
ოჯახი ფაქტს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირებს. საბურთალოზე სპეცრაზმი გუშინ საღამოს რამდენიმე საათის განმავლობაში იყო მობილიზებული.ოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. ძალოვანებმა საცხოვრებელი სახლიდან ერთი პირი - ეთნიკურად ჩეჩენი აიყვანეს.
ოფიციალური განმარტება სუსში ამ დრომდე არ კეთდება. სამართალდამცველებმა ბინიდან, რომელსაც ეჭვმიტანილი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქირაობდა, სხვადასხვა ნივთი ამოიღეს, მათ შორის - კომპიუტერული ტექნიკაც.
"კურიერის" ინფორმაციით, პირი, რომელიც საბურთალოზე გუშინ სპეცრაზმმა აიყვანა, პანკისში დაპირისპირებული გვარების შერიგების პროცესში მონაწილეობდა და ის სპეციალურად იქნა ჩამოყვანილი უხუცესების მხრიდან და მონაწილეობდა არაერთ შეხვედრაში.
ქავთარაძეზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით, "კურიერთან" ხასო ხანგოშვილმა ისაუბრა. პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი ადასტურებს რომ აღნიშნული პირი ნამდვილად ასრულებდა შუამავლის როლს დაპირისპირებულ გვარებს შორის:
"რამდენჯერმე იყო აქ ჩამოსული, ვკითხე, თავისთავად, ცხადია რაზე იყო აქ რას საქმიანობდა, ბიზნესი მაქვსო, უკრაინიდან ვარო, მერე დაიკეტა საზღვრები და ვერ წავედიო. რაც მთავარია, მე რაც მაინტერესებდა, ის შუამავლის როლს ასრულებდა საკობიანოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.
აქ არ ჩერდებოდა ხოლმე, მოვიდოდა, შემოივლიდა და ისევ უკან ბრუნდებოდა თბილისში. გუშინწინ, როდესაც ჩამოსული იყო ეს აჰმედი აქ და სადღაც 12-ის ნახევარზე წავიდა აქედან ღამე. მე ვკითხე, ამხანაგი გყავს მეთქი და არაო და მერე შვილმა მითხრა, რომ გავაცილებ თბილისამდეო და მე მოვბრუნდებიო, ეს მიდის "პარომით" უკრაინაში, ბილეთიც მაქვს აღებულიო, კარგი მეთქი გააცილე-თქო და ეგ არის და ეგ," - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.