კორონავირუსით ინფიცირებული 15 ახალი შემთხვევიდან 2 რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალია. საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ კლინიკაში თითოეული მედპერსონალი ყველანაირი დაცვის საშუალებითაა აღჭურვილი.
მისივე თქმით, თუ ვინმემ დაარღვია დაცვის საშუალებებით სარგებლობის წესები, ამის მოკვლევა მიმდინარეობს და ზომებიც შესაბამისად იქნება მიღებული.
"თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შესაძლებელია გარედანაც მოხვდა ეს ინფექცია ჩვენთან, სხვა მხრივ, დღესაც ვინც მუშაობს, პროტოკოლის სრული დაცვით მუშაობს და ვერაფერს დავუმატებთ. ჩვენი მედპერსონალი სკაფანდრიდან დაწყებული დაცვის ყველა საშუალებებით უზრუნველყოფილია. არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც არ გვქონდა და ამის გამო მოხდა ეს. ყოველთვის, ყველგან, ყველანაირი დამცავის საშუალება არის. სხვა არის, თუ ვიღაცამ ეს წესი დაარღვია, ამის მოძიებაც მიმდინარეობს და თუ გამოაშკარავდება დარღვევის შემთხვევები, რა თქმა უნდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ,"- განაცხადა ლევან გოფოძემ.
ამ ეტაპზე, ჯამში, რესპუბლიკური საავადმყოფოს 11 მედპერსონალია ინფიცირებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 879-ს შეადგენს.
განახლებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 1-ით მოიმატა და 704-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი.