თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას ინფორმაციით, ჰოსპიტალში კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 იმპორტირებულია, ერთის წყარო კი ცნობილია. მისივე ინფორმაციით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
"ამ ეტაპისთვის დაფიქსირებულია 3 დადებითი პასუხი, აქედან 2 არის 60 წლამდე მამაკაცი, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და სატრანზიტო ავტომობილებით მოძრაობდნენ. მათთან საზღვარზე სწრაფი ტესტით დაფიქსირდა დადებითი პასუხი, რის შემდეგადაც გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში და PCR კვლევით დადასტურდა კორონავირუსი.
ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. საქართველოს მოქალაქის ბებია მკურნალობს იმავე კლინიკაში, სადაც თვითონ გადაიყვანეს, მისი პირველწყარო ბებიაა,"- განაცხადა მარეხი ბექაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 879-ია.
ავტორი: მირიან გორგოძე