ვინ დაუკვეთა დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობა - ამ საკითხზე მუშაობა პროკურატურამ უკვე დაასრულა და საქმის განხილვა დღეიდან სასამართლოში დაიწყო.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმეზე ერთი პირი - ზაზა მურჯიკნელია დაკავებული. გადაწყვეტილება მისი პატიმრობაში დარჩენის შესახებ მოსამართლემ უცვლელად დატოვა. ზაზა მურჯიკნელი ბრალს არ აღიარებს.
პროცესის დროს, დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებამ რამდენჯერმე მოითხოვა გამოძიების დასრულებისთვის ვადის გახანგრძლივება, თუმცა მათ მყარი მტკიცებულებების მოძიება ვერ შეძლეს და დაცვის მხარემ კონკრეტული მოწმეების ჩვენებები სადავო გახადა.
დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ მას საკითხზე მხოლოდ ერთი ინფორმაცია აქვს, რომლის მიხედვითაც ბრალდებული კვლავ დუმილს ინარჩუნებს.
"რამდენადაც ვიცი, გამოძიება დასრულებულია კონკრეტული ქილერის ეპიზოდში და ისინი აგრძელებენ მუშაობას, როგორც შუამავლების, ასევე დამკვეთების გამოსავლენად. სხვა ინფორმაცია არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ბრალდებული ინარჩუნებს დუმილის უფლებას და ბრალს არ აღიარებს," - აცხადებს დოდო გუგეშაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს "კურიერმა" გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სპეცოპერაციის ექსკლუზიური კადრები გაავრცელა. მკვლელობაში ბრალდებული მუხროვანის ამბოხებაზე გასამართლებული ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელი აღმოჩნდა.
პოლიციამ ის ავტომობილი გააჩერა და გაჩხრიკა, რომელსაც დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისივე შვილის მკვლელობისთვის ძებნილი პირი მართავდა. ზაზა მურჯიკნელს გამომძიებლებმა ადგილზევე განუმარტეს, რის გამო აკავებდნენ და ხელბორკილებიც დაადეს.
"კურიერის" ინფორმაციით, ზაზა მურჯიკნელი გულუას სპეცრაზმის ყოფილი წევრია. როგორც ცნობილია, ის დოდო გუგეშაშვილს თავის დროზე ნდობის მოსაპოვებლად, თავდაცვის ძალების ვიცეპოლკოვნიკის, მალხაზ თოფურიას სახელით გაეცნო. თავად თოფურია "კურიერთან" საუბრის დროს აღნიშნავს, რომ დაკავებულთან ნაცნობობა საერთოდ არ აკავშირებს და ელოდება გამოძიების დასრულებას, რათა დაზუსტდეს, რა კავშირშია მისი სახელი და გვარი 2018 წლის 7 თებერვალს მომხდარ მკვლელობასთან.
ზაზა მურჯიკნელი ე.წ მუხროვანის ამბოხის მონაწილეც იყო. ის 2009 წელს დააკავეს. ყოფილი ლეიტენანტი საპატიმროდან 2012 წლის საყოველთაო ამნისტიის დროს გათავისუფლდა. მურჯიკნელის აღიარებითი ჩვენება სამხედრო ამბოხების საქმეზე თითქმის 11 წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
2018 წლის 7 თებერვალს შენიღბული და შეიარაღებული პირი დოდო გუგეშაშვილის ოჯახს თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის დროებით საცხოვრებელ სახლში დაესხა თავს. მომხდარიდან მალევე გავრცელდა დანაშაულის სავარაუდო ვერსიები. მათ შორის, საუბარი იყო შეხვედრებზე უკრაინაში და ქარვის ბიზნესზე. თუმცა, ეს ოფიციალურად ისევ არავის დაუდასტურებია. ერთადერთი, რასაც გუგეშაშვილი თავიდანვე ამბობდა, იყო ის, რომ მისთვის უცნობ პირს მკვლელობა დაუკვეთეს.