დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება. ირკვევა, რომ იმ ეპიზოდში, რომელიც გზატკეცილზე განვითარდა და რომლის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა, რკინის ხელკეტები და ორი მანქანა ფიგურირებს.
საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ვახო ახვლედიანის ადვოკატის ინფორმაციით, მაშინ როცა 4 ახალგაზრდა - გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახო ახვლედიანი და ფოტოგრაფი ტრასაზე იმყოფებოდა, ორმა მანქანამ გააჩერა, ერთში თბილისში ნაძალადევიდან ჩასული ახალგაზრდები ისხდნენ, რომლებიც მანქანიდან ხელკეტებით გადმოვიდნენ და ახვლედიანს დაარტყეს. მათ ტერიტორია დატოვეს, შაქარაშვილის იმ მეგობარს კი, რომელიც ტრასაზე იმყოფებოდა, მანქანა უკვე სხვა პირებმა გაუჩერეს და დიდუბეში ჩაიყვანეს.
დღეს გაირკვა რომ თბილისის ცენტრალურ გზაზე ორი ავტომობილი ფიგურირებდა.
"ერთი "მერსედესი" იყო, ერთი "ტოიოტას" ფირმის ავტომობილი იყო, მაგრამ ეს მანქანები არცერთი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. მაგისტრალზე გაჩერებული იყო მანქანა, ზუსტი ტერიტორია არ მახსოვს. მეტი სხვა არაფერი არ ყოფილა, იყვნენ თავიანთ პირად საქმეზე, სამი ადამიანი იჯდა თუ არ ვცდები", - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ცოტა ხნის წინ დატოვა საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა ფოტოგრაფმა - მის შესახებ, როგორც საქმის მოწმეზე, დღეს გახდა ცნობილი. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
"კურიერის" ინფორმაციით, ის შემთხვევის დროს თავს აფარებდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფარდულს და სავარაუდოდ, ის შეძლებდა დაენახა თუ როგორ გადაადგილდებოდა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი.
დღესვე, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ საქმეში რკინის ხელკეტი მართლაც ფიგურირებს და თბილისიდან ჩასულ პირებს ჰქონდათ მსგავსი ნივთები თან წაღებული.
ახლობლები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან და აცხადებენ, რომ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
"როგორც ჩვენი მეგობრები ამბობენ, ცხედარს თავის ქალა აქვს გატეხილი და ასევე, არის დამტვრეული, აღენიშნება ძვლების მოტეხილობა. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ სიცოცხლეშივე ყოფილიყო მიყენებული დაზიანება, რატომ უნდა გამოვრიცხოთ როცა ხელჩართული ჩხუბი იყო აგარაკზე გამართული და შემდეგ ეს უკვე ტრასაზე გაგრძელდა, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ გარდაცვალების შემდეგ მიიღო ეს დაზიანებები," - განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელმა ნიკა ჯაჭვაძემ "კურიერთან" საუბრისას.
თითქმის ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება მომხდართან დაკავშირებით. საქმე ამ დრომდე ბუნდოვანია.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.