გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვები იყო მცხეთის პოლიციაშიც. სადაც იმყოფებოდა გოგონა რომლის დაბადების დღესაც აღნიშნავდნენ იმ დღეს, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი გაუჩინარდა, ასევე სპორტსმენი გიორგი ტატიაშვილი. მოწმეებს გამოძიებამ იმ ღამის ვიდეოჩანაწერები აჩვენა, რომელშიც ხიდის ეპიზოდია ნაჩვენები. ამოიცნეს თუ არა მათ კონკრეტული პირები, ჯერჯერობით, უცნობია. მათ პოლიციის განყოფილება უკომენტაროდ დატოვეს.
"არ იყო არანაირი ხელკეტები იყო უბრალოდ ჩხუბი, თუმცა ნათლად არ ჩანს არაფერი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს და არც ჩანაწერებში არ ჩანს, რომ შაქარაშვილი იქ იმყოფებოდა. ის მერსედესის ავტომობილით იყო. ჩხუბში არ მონაწილეობდა უშუალოდ, რომ გამოვიდა ხმაურზე, მის სიტყვებს ვციტირებ, ქეჩოში მოკიდეს ხელი და გაათრიეს, შემდგომ მან სასწრაფოდ დატოვა ის ადგილი, ჩაჯდა მანქანაში მეგობრებთან ერთად და გაეცალა იქაურობას. თენგოს ორი მეგობარი მიდიოდა ხიდზე, რამდენიმე მეტრის დაშორებებით მიდიოდნენ ის პიროვნებებიც, ვისშიც ამოიცნო თავისი მოძალადეები ამ ხალხმა და ბუნებრივია მოხდა იქ ფიზიკური დაპირისპირება შემდგომში," - აცხადებს ერთ-ერთი გამოკითხულის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.