გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ბოლოს, გარდაცვლილს მობილურ ტელეფონზე, ღამის პირველ საათზე დედა ესაუბრა. ადვოკატის თქმით, ბოლო ზარიდან დილის 6:30-მდე არანაირი ზარი არ ფიქსირდება.
"ოჯახთან მოხდა გამთენიისას დაკავშირება, სადღაც 7 საათის ფარგლებში. ბოლოს გიორგის ესაუბრა დედამისი, ღამის 1 საათზე და ეს შუალედი 1-დან, თუ არ ვცდები დილის 6:30-მდე არის, ასე ვთქვათ, ბუფერული ზონასავით. მაგ დროს, არაფერი შეტყობინება არ ხდება.
საზოგადოებას, მე მესმის, რომ ბევრი კითხვა აქვს და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ რამდენი კითხვა გვქონდა საქმის დასაწყისიდან, ვიდრე დღევანდელ დღემდე მოვიდოდით. ჩვენც გვაქვს ბევრი კითხვები და ამ კითხვებს სჭირდება გადამოწმებები. ამისთვის არსებობს ძიება და ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ამ დრომდე უცნობია - ვინ და რა მდგომარეობაში ნახა 19 წლის გიორგი შაქარაშვილი უკანასკნელად. ახალგაზრდა ფეხბურთელი საბედისწერო 18 ივნისის ღამეს ისე გაუჩინარდა, რომ დეტალები ამ დრომდე გამოძიებისთვისაც უცნობია, მომხდარის შესახებ მისმა მშობლებმა გურამ ამირხანაშვილისგან მხოლოდ მეორე დილით შეიტყვეს, რა დროსაც, პროცესში პოლიციაც ჩაერთო.
ცხედარი 4 დღიანი სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გაუჩინარების ადგილიდან 2-3 კილომეტრში, მდინარეში, მცხეთის დასახლებულ პუნქტთან ახლოს იპოვეს.