09 ივლისი 2020,   07:54
ვრცლად
ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ტრაილერების მძღოლები არიან - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის მასშტაბით დღეს უკვე 19 ლაბორატორია ატარებს ინფიცირებულთა ტესტირებას.  ლუგარის ლაბორატორიამ სერიოზულად აამუშავა გარე კონტროლის სისტემა, რათა ინფიცირებულთა შემთხვევები არ გაიპაროს. გამყრელიძის თქმით, სამწუხაროდ, რამდენიმე მსგავსი შემთხვევა უკვე იყო, თუმცა ე.წ. საკონტროლო პაკეტების მეშვეობით ინფიცირებულთა ორმაგი კონტროლი მიმდინარეობს.

რაც შეეხება ბოლო 24 საათის განმავლობაში  კორონავირუსის 2 დადასტურებულ ახალ შემთხვევას, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მათგანი არის ინფიცირებულთან კონტაქტირებული, ხოლო მეორე სატვირთო ავტომობილის მძღოლი გახლავთ.

"ჩვენ დღეს დილის 9 საათისთვის გვაქვს 928 დადასტურებული შემთხვევა, 106 000 ე.წ. შესაძლო დადასტურებული შემთხვევიდან. დღეს დილისთვის გვაქვს 2 ახალი შემთხვევა დადასტურებული. ერთი აქედან გახლავთ კონტაქტირებული ინფიცირებულთან და მეორე გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი. მოგეხსენებათ, ტრაილერების მძღოლები გახლავთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციის.

დღემდე დადასტურებულია PCR ტექნოლოგიით 30-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელმაც გადმოკვეთა საზღვარი, ყოველდღიურად დაახლოებით, 400-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის გამოკვლევა ხდება და ბოლო 3 კვირის განმავლობაში 30-მდე დადასტურებულია PCR ტექნოლოგიით, რომლებიც მკურნალობენ სამედიცინო დაწესებულებებში.

დღემდე ჩატარებულია სულ 111 000 PCR ტესტი, ამას ემატება კიდევ 50 000-მდე სწრაფი ტესტი, როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დამყარებული.

PCR ტესტები, როგორც მოგეხსენებათ, ოქროს სტანდარტით, ჩვენ 1 000 000 მოსახლეზე 30 000-ს ტესტზე ვართ ასულები, რომელიც არ არის ცუდი მაჩვენებელი და ვართ საშუალო, ასე ვთქვათ, ქვეყნების რიცხვში. გაფართოვდა ტესტირების არეალი. მოგეხსენებათ, უკვე დღეს 19 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას ქვეყანაში და იმის გამო, რომ არ გაგვეპაროს და იყო ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ, ჩვენ სერიოზულად დავიწყეთ ლუგარმა, ე.წ. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, გარე კონტროლის სისტემა ავამუშავეთ სერიოზულად, სადაც რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა ზოგიერთ ლაბორატორიაში გაპარული ე.წ. როცა გადამოწმდა არადადებითი შემთხვევები და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, დადებითები, დაუყოვნებლივ საკარანტინო სივრცეში იქნენ გადაყვანილი.

ჩვენ როდესაც თავიდან დავიწყეთ გაფართოვება ტესტირებისა, თავიდან იყო მხოლოდ ლუგარის ცენტრი, თებერვლის დასაწყისიდან, შემდეგ ჩაერთო ჩვენი ორი ლაბორატორია: ქუთაისი, ბათუმი, შემდეგ თანდათან იმატა 4 ლაბორატორია, მერე 6 და ა.შ. დღეს არის 19, ანუ ჩვენ ყოველ ახალ ლაბორატორიაში პირველ დადასტურებულ შემთხვევებზე, სადაც ისინი ადასტურებენ იმ შემთხვევების გადამოწმებას ვაკეთებთ, როგორც წესი და შესაბამისად ასევე ე.წ. საკონტროლო პანელები ურიგდებათ ახლა უკვე ლაბორატორიებს და ამ საკონტროლო პაკეტებიდან ორმაგი კონტროლი ხდება. რა თქმა უნდა იცით მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის, სამწუხაროდ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული შეცდომა და რომ თავი დავიზღვიოთ ამ შეცდომებისგან ურთიერთკონტროლი აუცილებელია.

რაც შეეხება ზოგადად ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას, მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ის სრულიად კონტროლირებადია, ემორჩილება მართვას. დღეის მონაცემით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გვაქვს ძალიან კარგი, 86%-ზე ავედით გამოჯანმრთელების მაჩვენებლის მიხედვით. 119 ადამიანი კოვიდინფიცირებული რჩება კლინიკებში და სამწუხაროდ, გვაქვს 15 გარდაცვალება, რომელიც წარმოადგენს 1,6%-ს, რომელიც საერთაშორისო გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით დაბალია,

უნდა გაძლიერდეს როგორც საზოგადოებრივი და ზოგადად ჯანდაცვის სისტემა და მზადყოფნის რეჟიმი უნდა იყოს, რომ თუ იქნა შემთხვევათა მეტი რაოდენობა, ისინი იმართოს ისევე ეფექტურად, როგორც დღეს იმართება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები