რა ახალი გარემოებებია გიორგი შაქარაშვილის საქმეში და შესაძლებელი ხდება თუ არა, მკვლელობის ვერსიის უფრო აქტიურად განხილვა. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
გიორგი ყიფშიძე ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის განცხადებას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ გარდაცვლილს სხეულში ჰემატომა აღენიშნებოდა, რომელიც შეუძლებელია მუშტის ერთჯერადი დარტყმით გამოწვეულიყო და სავარაუდოდ, მუშტზე უფრო ძლიერი ზემოქმედების მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგია, ან დაგორების:
"მხოლოდ ექსპერტის სატელევიზიო განცხადებაზე ვერსიის აგება და გადაწყვეტა, რომ ეს მკვლელობაა, მე ვფიქრობ, რომ ნაადრევია. თუმცა, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, როცა დასკვნებს ვაცნობთ საზოგადოებას. დამატებითი კითხვები არ გამჩენია, ეს იყო მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა. ორივე შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ამ ტიპის დაზიანებები ჰქონოდა მიცვალებულს. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება იმ გარემოებას და იმ საექსპერტო დასკვნას, სადაც ცალსახად იქნება ნათქვამი, ეს ადამიანი წყალში რომ აღმოჩნდა, იყო გარდაცვლილი, თუ ცოცხალი," - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.