18 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
ასობით მეცნიერი ამტკიცებს, რომ კორონავირუსმა შესაძლოა ადამიანები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებით დააინფიციროს

ასობით მეცნიერი ამტკიცებს, რომ ახალმა კორონავირუსმა, შესაძლოა, ადამიანები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებით დააინფიციროს. ამის შესახებ გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს.

ჯანმოსთის გაგზავნილ ღია წერილში, რომელსაც 32 ქვეყნის 239 მეცნიერი აწერს ხელს, დასახელებულია მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, COVID-19-ის გადადება ჰაერით, მასში მცირე ზომის წვეთების არსებობის გარეშეც შესაძლებელია. მეცნიერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რეკომენდაციების გადახედვისკენ მოუწოდებენ. 

წითელი ზონის სტატუსისა და კორონავირუსის მსოფლიო რეიტინგის პირველობის მიუხედავად, შეერთებული შტატები ზომების მოხსნის მესამე ეტაპზე გადავიდა. ქვეყანაში, სადაც ბოლო 24 საათში 50 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, სილამაზის სალონები და რესტორნები ღია სივრცით გაიხსნა. რეგულაციების შემსუბუქებას მოსახლეობა განსხვავებულად შეხვდა.

ჩრდილოეთის გარდა, ამერიკის კონტინენტის სამხრეთიც პანდემიის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში კოვიდ-19-ით 620 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 20 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, შეერთებული შტატების მსგავსად, ბრაზილიაც ხსნის ბარებსა და რესტორნებს. სან-პაოლოს მოსახლეობა მთავრობის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად აფასებს. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით კი, რეგულაციების შემსუბუქება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა, შესაძლოა, პანდემიის ნაცვლად შიმშილმა იმსხვერპლოს.

ამერიკის კონტინენტისგან განსხვავებით, სიფრთხილის უკიდურეს ზომებს მიმართავს ავსტრალია. ქვეყანაში 2 შტატს შორის საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, ხელისუფლებამ ქალაქ მელბურნში კარანტინი დააწესა. საკარანტინო რეჟიმი ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 11:59 საათზე ამოქმედდება და 6 კვირა გაგრძელდება. მოქალაქეებს შინიდან გასვლის უფლება მხოლოდ პროდუქტის საყიდლად, სამსახურში და სავარჯიშოდ წასვლის, ან სამედიცინო მომსახურების მიღების შემთხვევაში ექნებათ. ქალაქში ხელახლა იხურება რესტორნები. ვიქტორიას შტატში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია შტატისთვის.

სიფრთხილეს იჩენს ახალი ზელანდიაც. ქვეყნის ეროვნულმა ავიხაზებმა საერთაშორისო ფრენების აღდგენა 3 კვირით გადადო. მიზეზი პანდემიური ვითარების გაუარესება და რეგულაციებია.

რეგულაციების დაანონსებული გამკაცრება სისრულეში მოიყვანა ისრაელმა. ქვეყნის პრემიერმა გაზრდილი სტატისტიკის გამო ბარები, კლუბები, საცურაო აუზები, სპორტდარბაზები და გასართობი ცენტრები დახურა. 20 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია სალოცავებში, ავტობუსებსა და საზოგადობრივი თავშეყრის ადგილებში. 30 ადამიანს დაუშვებენ რესტორანში, რომელსაც ღია სივრცე აქვს.

კვლავ რთული ეპიდვითარებაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. მხოლოდ რუსეთში ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 7 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა. ახალი შემთხვევები ფიქსირდება თურქეთში, აზერბაიჯანში და უკრაინაშიც.

დინამიკა მზარდია სომხეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსის ახალი 349 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ისევ გადატვირთულია, რის გამოც მთვარობამ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა.

პანდემიის გამო მკაცრი რეგულაციები რომში განსხვავებული პროტესტის მიზეზი გახდა. უსაფრთხოების ზომები საქორწინო კაბებში გამოწყობილმა ქალებმა გააპროტესტეს.

დღის ამბები