26 დეკემბერი 2024,   18:44
ვრცლად
ეს პიროვნება რომ ყოფილიყო არა წყალში, არამედ ხმელეთზე, 1-2 დღეში ამოცნობის რესურსიც არ იქნებოდა - ალექსანდრე გეჯაძე

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე "დღის კურიერის" ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს.

ექსპერტის თქმით, ის დაზიანებები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს საწყის სტადიაზე განუვითარდა, მას სწრაფ გადაადგილებაში ხელს არ შეუშლიდა. ასევე ალექსანდრე გეჯაძე საუბრობს იმაზე, რომ შაქარაშვილის სხეულზე სირბილის დროს დაცემის კვალი არ აღენიშნებოდა.

ალექსანდრე გეჯაძის განმარტებითვე, ცხედარს აშკარად აღენიშნება წყალში ყოფნის ნიშნები. მისივე თქმით, ცხედარი 1-2 დღის განმავლობაში ხმელეთზე რომ ყოფილიყო, მისი ამოცნობის რესურსი არ იქნებოდა. 

"ის დაზიანებები, რომელიც მას განუვითარდა დაზიანების მიღების საწყის სტადიაზე ბუნებრივია არანაირ ხელს არ შეუშლიდა მას სირბილში, მიზანმიმართულ გადაადგილებაში.

დაცემის,  სხეულის გახოხების კვალი აშკარად გამოხატული არ არის. ასეთ შემთხვევაში, პირობითად მაღალი ალბათობით უნდა ყოფილიყო სახეზე სისხლნაჟღენთებთან ერთად განაკაწრები, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, სიგრძივი, ხაზოვანი ფორმის, ერთმანეთთან პარალელურად განლაგებული, რომელიც მიუთითებდა მაღალი ალბათობით სხეულის გაცურებაზე მკვრივ, ბლაგვ ზედაპირთან.

ცალსახად აღენიშნება სხეულს წყალში ყოფნის ნიშნები, ექსპერტულ ენაზე ამას ჰქვია პირობითად "მრეცხავის ხელთათმანი", რამე თუ ხელის მტევნების კანი, ტერფების კანი შენაოჭებულიაგათეთრებულია და შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი წყალში ყოფნისა.

ეს პიროვნება რომ ყოფილიყო არა წყალში, არამედ ხმელეთზე, ლპობითი პროცესები 1-2 დღეში ისე განვითარდებოდა, ამოცნობის რესურსი და საშუალებაც არ იქნებოდა მიცვალებულის, ისეთი შეცვლილი იქნებოდა ამ პროცესების გამო. ამ შემთხვევაში ლპობითი პროცესები აშკარად სახეზე გვქონდა, მაგრამ ამ პროცესების განვითარებას, დროში ინტენსივობის შემცირებას ხელი შეუწყო გამდინარე ცივმა წყალმა, სადაც იმყოფებოდა ეს პიროვნება. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ ძალზედ არ განადგურდა სხეული და მოგვეცა საშუალება, როგორც კატეგორიული დასკვნების გამოტანის, დაზიანების სიცოცხლის დროინდელობასთან მიმართებაში, სიკვდილის მიზეზის განსაზღვრასთან მიმართებაში და სხვა," - აცხადებს "დღის კურიერის" ეთერში ალექსანდრე გეჯაძე.

დღის ამბები