კამათის ფონზე მიმდინარეობს ამ წუთებში პარლამენტის პლენარული სხდომა. დეპუტატები იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესების ვადა უხანგრძლივდება.
როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, როდესაც საკითხი დგება მსგავსი ფორმულირებით - ჯანმრთელობა თუ სხვა დანარჩენი, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ COVID-19-ის მეორე ტალღა, შესაძლოა, დამანგრეველიც კი იყოს.
"შესაძლოა, მეორე ტალღა იყოს დამანგრეველიც კი. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც სწორად არ აღიქვამს და პოლიტიკურ სარგებელს ეძებს ამ თემაში, ფიქრობს, რომ თითქოს საარჩევნო პროცესისთვის ვემზადებით ჩვენ და არა შესაძლო მეორე ტალღისთვის. კი, საარჩევნო პროცესისთვის ვემზადებით, რომ დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება, მაგრამ, როდესაც საკითხი დგება - ჯანმრთელობა თუ ნებისმიერი სხვა რამ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ვადა ივლისამდე იყო გაწერილი, თუმცა შესაძლოა ვადა 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. დეპუტატები პაკეტს, სავარაუდოდ, დღესვე დაამტკიცებენ.