თელავის მუნიციპალიტეტში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი აღმოაჩნდა. სოფელ ყარაჯალაში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრებენ, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.
ნელი ხიზაშვილის განმარტებით, ჩვილი, საეჭვო სიმპტომებით თავდაპირველად თელავის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს, რის შემდეგაც ბიოლოგიური ნიმუში აუღეს და covid - 19-ზე კვლევამ დადებითი პასუხი აჩვენა.
მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. ამ ეტაპზე 11 ადამიანს ანალიზი უკვე აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
ჩვილის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
10 თვის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს და მკურნალობას განაგრძობს თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ სექტორში. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
"10 თვის ბავშვს, რომელიც მოთავსებული იყო თელავის საავადმყოფოში დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექციის არსებობა. ჯერჯერობით წყარო დადგენილი არ არის, თუმცა ვმუშაობთ, კვლევა გრძელდება. ნიმუშების აღება დავიწყეთ და ამჟამადაც მიმდინარეობს. ჯერჯერობით მხოლოდ 11 ნიმუში ავიღეთ, სულ ახლო, ოჯახური კონტაქტები. თუმცა იქ იკვეთება შედარებით უფრო ბევრი კონტაქტი," - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.