კასპში, საკრებულოს შენობის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივა გააპროტესტეს.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, დავით ლეონიძეს ქალაქის ცენტრში 1300 კვ მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაყიდვა სურს.
ოპოზიციის წევრების ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიით "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ახლობელი, კობა კურდღელაშვილია დაინტერესებული.
"აღნიშნულ მიწის ფართთან დაკავშირებით, ჩვენი გონივრული ეჭვით დაინტერესებული მხარე არის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კობა კურდღელაშვილი, რომელიც აგრარულ ბაზართან ასოცირდება,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ ნონიაშვილი.
აქციის მონაწილეებმა წარმომადგენლობით ორგანოში შესვლა და საკრებულოს თავმჯდომარესთან გასაუბრება სცადეს, თუმცა არც ოპოზიცია და არც ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვეს.