გადაიდება თუ არა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა სამ დღეში გაირკვევა.
პროკურატურამ სასამართლოს გადავადების მოთხოვნით უკვე მიმართა, მიზეზად ბრალდების მხარე გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას და მეტი მტკიცებულებების მოპოვებას ასახელებს.
თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ეს არასრულწლოვნებს მაინც არ შეეხება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ასეთ გადაწყვეტილებას კრძალავს, შესაბამისად 31 ივლისს საქმეზე წინასასამართლო მოსმენა მაინც უნდა ჩაინიშნოს.
არასრულწლოვანი ზ.ხ- ს ადვოკატის განცხადებით, 31 ივლისს სასამართლო პროცესი მაინც ჩაინიშნება. მისივე თქმით, გამოძიების მოთხოვნა სხდომის გადადების შესახებ, მტკიცებულებების არ არსებობას ნიშნავს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ დაუმძიმდება, რადგან ამისთვის მტკიცებულებები არ არსებობს.
პარალელურად საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ბოლო დღეების მანძილზე იკითხებოდნენ პირები, რომლებიც ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იყვნენ.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ - დღეს ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ.
ირაკლი წაქაძის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ დაუმძიმდება.
"განცხადება დავწერე საქმის მასალების და ვიდეო მტკიცებულების აღებასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალის დამძიმება არის გამორიცხული,"- განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა, რამდენიმე დღეში ის მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე ამ დროისთვის 17 პირია დაკავებული.
ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს.
ყველა დაკავებულს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და გამოძიება ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: სალომე უერთაშვილი