მესტიაში მოზარდს ისევ ეძებენ. უკვე მერვე დღეა 13 წლის ბიჭის კვალს ვერ მიაგნეს. ოჯახი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების მუშაობით უკმაყოფილოა.
"კურიერი" დაკარგულის დედას დუბაიში დაუკავშირდა. მისი თქმით, პოლიციამ მეტი რესურსი უნდა გამოიყენოს.
"არანაირი ვერსია არ მაქვს. რაც ვიცი ისაა, რომ ბავშვი გაქრა, რა ვიფიქრო ისიც არ ვიცი. სადმე წასვლის ვერსიასაც გამოვრიცხავ, დამოუკიდებლად არსად წავიდოდა. ბოლოს როცა ვიდეოზარით ვესაუბრე, სადმე წასვლაზე არაფერი უთქვამს. ჩვენ თითქმის ყოველ ზაფხულს ჩამოვდივართ საქართველოში. ძირითად დროს სწორედ სვანეთში ვატარებთ. მთელი ამ ხნის მანძილზე არასდროს შემიმჩნევია ჩემს ოჯახს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა, მით უმეტეს როცა იქ ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ. ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მაინტერესებს როგორ მოხდა, რომ ამ დრომდე გამოძიებას არაფერი ხელჩასაჭიდი არ გააჩნია. შვიდი დღე გავიდა და სათვალთვალო კამერებიდანაც ვერაფერი გაირკვა იმაზე, თუ სად შეიძლება წასულიყო ბავშვი,"- განაცხადა ქსენია ფილფანმა.
13 წლის ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ოჯახი მომხდარის ვერსიებზე ვერ საუბრობს. ოფიციალური უწყებების განმარტებით, მოზარდს სპეციალური ტექნიკით, მათ შორის დრონების საშუალებითაც ეძებენ. პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენიც.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 13 წლის ილია ფილფანი გაუჩინარდა. 13 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე გამოძიება143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.