19 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსის გამოსასწორებელი სამუშაოებისთვის ფინანსებს "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" გაიღებს

გელათის სამონასტრო კომპლექსში ისტორიული ფრესკების დაზიანების მიზეზად, მღვდელმონაზონი ანტონი ტაძარში ვენტილაციის პრობლემას ასახელებს. სასულიერო პირი განმარტავს, რომ ტაძარში სახურავიდან წყლის გაჟონვას უნიკალური მხატვრობის დაზიანებასთან კავშირი არ აქვს.

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ქვედა კალთების დახურვისთვის გამოყენებული კრამიტი გადახურვიდან 3 თვეში დასკდა, რამაც ჭერი დააზიანა, ცენტრალურ ტაძარში გაჟონილმა წყალმა კი საუკუნეების მხატვრობას საფრთხე შეუქმნა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ მარტში დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც გელათის კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, შემსრულებლის მიერ სრულად იქნება გამოსწორებული. 

გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან ერთად ეტაპობრივად ახორციელებს. პროექტს აშშ-ს საელჩოს ფონდი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ტაძარის გადახურვაზე აღმოჩენილი ხარვეზების შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსში, რეაბილიტაციაში ჩართული ყველა მხარე ჩავიდა. ახლა გადახურვაზე გამოყენებული კრამიტის კვლევა მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რამ გამოწვია მისი დაზიანება.

გელათის კომპლექსურ რეაბილიტაციას "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" ატარებს. კომპანიას გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა, დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებით ევალება. შემსრულებელი დაზიანების გამოსწორების პირობას დებს, თუმცა რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს ძეგლის რესტავრაცია - კონსერვაციის თანმდევ პროცესს უწოდებს.

გელათის სამონასტრო კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გადახურვის გამოსასწორებელი სამუშაოებისთვის ფინანსებს "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" გაიღებს.

დღის ამბები