07 სექტემბერი 2026,   05:47
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ადვოკატების ნაწილი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს, მცხეთის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ. პროცესზე გაირკვევა, დარჩება თუ არა 11 ბრალდებული პატიმრობაში.

11 ბრალდებულიდან, სამი საბურთალოელია ირაკლი წაქაძე, საბა გოგშელიძე და საბა ჩხარტიშვილი.

ადვოკატები აცხადებენ, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი უშედეგო იქნება, მათი ნაწილი კი გეგმავს, რომ გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვონ.

გაგნიძისა და მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთა წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც მათ ბრალს დაადასტურებდა. შესაბამისად, მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიება აუცილებლად უნდა შეიცვალოს გირაოთი. 

გიგა ტატიაშვილის ადვოკატი კი მდგომარეობას უიმედოდ უყურებს და აცხადებს, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი ვერაფერს შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი ტატიაშვილის ბრალეულობას ვერაფერში ხედავს.

აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვამდე ერთ საათზე ნაკლები დროა დარჩენილი, მცხეთის სასამართლოსთან ბრალდებულების ადვოკატები იკრიბებიან.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისს გაიმართება.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.

თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. 

დღის ამბები