სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერი გაიხსნა. პროცესს ოჯახის ადვოკატიც ესწრებოდა. მიხეილ რამიშვილის თქმით, დაიწყო სკანირება, რომელიც შესაძლოა რამდენიმე დღესაც კი გაგრძელდეს, რის შემდეგაც მათ კომპიუტერში არსებულ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ. სავარაუდოდ, აღდგება წაშლილი ფაილებიც.
ოჯახის უფლებადამცველი ამ დრომდე არსებულ არაერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობს - მათ შორის, რატომ და როგორ გაქრა გარდაცვლილი გოგონას "ფეისბუქის" პირადი გვერდი. რამიშვილი ეჭვობს, რომ შესაძლოა, კომპიუტერის გახსნა მათ გარეშე, მანამდეც მოხერხდა.
"პერსონალური კომპიუტერის სკანირება დაიწყეს, ამას ალბათ რამდენიმე დღე დასჭირდება, გამოყენებული იქნება ყველა ის მეთოდი და პროცედურა, რაც საჭირო იქნება, როგორც აღდგენისთვის თუ რამე წაშლილი იყო. ჩემი ორდერი ჰქონდათ პოლიციაში და მე მათ ვუთხარი, რომ ჩემს გარეშე არ მოეხდინათ კომპიუტერის გახსნა. ბოლომდე როცა დავრწმუნდები, უფრო მშვიდად ვიქნები, ხომ არ მოხდა წინასწარ შესვლა ან ამდაგვარი ქმედება. იმაზეც იყო საუბარი, რომ რატომღაც დღეს გაქრა ცხონებული ბავშვის ფეისბუქის ექაუნთი, ამაზეც თვითონ გამოთქვეს სურვილი, რომ ყველანაირად ეცდებიან, რომ ამ აღდგენის შემდეგ იქნება რაღაცნაირად მოხდეს ფეისბუქთან დაკავშირება," - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.