ახალი კორონავირუსი, რომელიც გასული წლის დეკემბერში, ვუჰანის პროვინციაში გაჩნდა, მსოფლიოსთვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. არ არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო მედიკამენტები და როგორც ირკვევა, "კოვიდ19" არც ზაფხულის სიცხეში ქრება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აბობს, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით, ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას უნდა შევეჩვიოთ. რადგან პასუხი კითხვაზე, თუ როდის დავამარცხებთ კორონავირუსს, ამ დრომდე არ არსებობს.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში, ბოლო 10-15 დღის განმავლობაში ძირითადად ორნიშნა მაჩვენებელზე რჩება. დღეს ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ერთის წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგები მუშაობენ. 5 შემთხვევა გაჩიანს უკავშირდება, 4 კი შემოტანილია. ამ დრომდე საქართველოში ორი ცხელი კერა რჩება, ლილოს ბაზრობა და სოფელი ყარაჯალარი. ინფიცირების შემთხვევების მზარდი ტენდენციის მიუხედავად, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვითარების მართვა შესაძლებელია.
სამედიცინო სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად აქტიურად მუშაობენ, აღნიშნავენ რომ მოსახლეობამ, განსაკუთრებით შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ყურადღება მოადუნა და უსაფრთხოების წესებს მკაცრად აღარ იცავს. ეს კი, განსაკუთრებული რისკის შემცველია, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა კორონავირუსის ბუნების შესახებ ჯერჯერობით უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი.
რას უნდა ველოდოთ მომავალში და გვექნება თუ არა შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღა? სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ შემოდგომაზე, გრიპის ვირუსის გავრცელებესთან ერთად, კოვიდ ინფიცირების შემთხვევებიც მოიმატებს. მსგავს სცენარს პროგნოზირებს ინფექციური ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძეც. თუმცა როგორც ინფექციონისტი ამბობს, შემთხვევების მატების პროცესშიც ვითარება კონტროლს დაექვემდებარება.
საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების 1155 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 929 გამოჯანმრთელდა. კოვიდ ცენტრებში მკურნალობას 248 პაციენტი აგრძელებს.