08 სექტემბერი 2026,   16:36
ვრცლად
ლერი სულაბერიძის ადვოკატი მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ლერი სულაბერიძის ადვოკატი შოთა მანველიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, აუცილებელია მათ საქმის მასალებზე  წვდომა ჰქონდეთ.

"აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ძალიან მოკლე დროში მიენიჭოს ბატონ ლერის დაზარალებულის სტატუსი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამართლებრივად ის მეტად იქნება აღჭურვილი. ამ პიროვნების სახელი და გვარი მას არაფერს არ ეუბნება, არანაირი ნაცნობობა და ახლო ურთიერთობა არ ვლინდება. არანაირი ნიშანი, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს საფეხბურთო კლუბ "დინამოსთან", არ არსებობს,"  - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდასხმა ლერი სულაბერიძეზე ორი დღის წინ, წყნეთის გზაზე მოხდა. სახლისკენ მიმავალ სულაბერიძეს გასროლილი 5 ტყვიიდან არცერთი არ მოხვედრია.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. 

ლერი სულაბერიძე - ყოფილი ფეხბურთელი, ვერის საძმოს ყოფილი წევრი, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ყოფილი ხელმძღვანელია. თითქმის 20 წელია სულაბერიძე "დინამოს" 100 %-იანი წილის დასაბრუნებლად  სამართლებრივად დაობს.

სულაბერიძეზე შეიარაღებული თავდასხმა პირველად არ მომხდარა - მისი მისამართით 1999 წლის 6 მაისსაც ისროლეს. არსებობს თუ არა კავშირი ძველ დაპირისპირებებსა და ორი დღის წინ მომხდარ ფაქტს შორის, ამაზე ღიად არავინ საუბრობს.

დღის ამბები