ექიმების თაღლითობა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში - პაციენტს ზედიზედ ორი ოპერაცია შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა ჩაუტარეს. შედეგად 25 წლის ქალი უკვე 20 თვეა, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
უკანონო საექიმო საქმიანობაში ბრალდებული ექიმი საქართველოში აღარ იმყოფება. ანესთეზიოლოგმა მაგდა ხოჭოლავამ საქართველოს ტერიტორია გარკვეული პერიოდის წინ დატოვა და COVID - 19-ის კრიზისულ პერიოდში აქტიური იყო სატელევიზიო ეთერებში, როგორც გამოცდილი ექიმი. "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ხოჭოლავა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს, თუმცა პროკურატურა საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ ექიმი საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარს ამბობს. მაგდა ხოჭოლავა უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, თუ რატომ ჩაერთო სერტიფიკატის გარეშე ოპერაციაში, რომელიც 23 წლის გოგონასათვის მძიმე შედეგებით დასრულდა.
გამოძიების ინფორმაციით, 23 წლის გოგონას ოპერაცია ხოჭოლავასთან ერთად ასევე შესაბამისი სერტიფიკატის არმქონე ქირურგმა ვახტანგ ყიფიანმა ჩაუტარა. ის რომ ქირურგს ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში სერტიფიკატი არ ჰქონდა ამის კონტროლი დირექტორის მოვალეობა იყო, ამიტომ ახლა ბრალდებულის სკამზეა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელიც. გამოძიება გიორგი ლობჟანიძეს გულგრილობას ედავება.
ახალგაზრდა ქალს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში პირველი ოპერაცია 2018 წლის სექტემბერში ჩაუტარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ოჯახმა იცოდა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, საოპერაციო ბლოკში შესაბამისი კომპეტენციის არმქონე ექიმები აღმოჩნდნენ, თანაც ორივეჯერ. მეორედ ქალმა საავადმყოფოს პირველი ჩარევის შემდეგ არსებული ტკივილებით მიმართა. უფლებადამცველის თქმით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ახალგაზრდა ქალმა საავადმყოფოს ოსტეოიდ-ოსტეომას გამო მიმართა. ეს ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. კლინიკის სარეკლამო მასალებით ჩანს, რომ თავად საავადმყოფო ამ ქირურგიულ ჩარევას მცირე ინვაზიურს უწოდებს და მის ეფექტურობაზე წერს.
დაკავებული ექიმები: თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ქირურგი ბრალს არ აღიარებენ. მათ ადვოკატს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე, ვის გულისხმობდა კლინიკა იტალიელ სპეციალისტებში.
ფაქტს რეგულირების სააგენტოც სწავლობს. უწყებაც ადასტურებს, რომ ორივე ეპიზოდში ფიგურირებენ ექიმები, რომლებსაც სათანადო სერტიფიკატი არ გააჩნდათ.
დაკავებულ ექიმებს ბრალი უკვე წარედგინათ. საავადმყოფოს დირექტორს ორიდან ხუთ წლამდე, ქირურგს ექვსიდან ცხრა წლამდე, იტალიაში მყოფ ანესთეზიოლოგს კი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.