სახალხო დამცველი ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას აკვირდება - ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, შეხვედრა ადვოკატსა და დამოუკიდებელ ექსპერტთან შედგა.
დამატებით თხოვნის შემთხვევაში, ომბუდსმენი მზადყოფნას გამოთქვამს, მინიჭებული მანდატის ფარგლებში ბაჩალიაშვილის ოჯახს დახმარება აღმოუჩინოს.
"ვაკვირდებით, რა თქმა უნდა მიმდინარე გამოძიებას. შევხვდით ასევე ადვოკატს და დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელიც არის ჩართული ამ საქმეში. ასევე დამატებით თუ რაიმე თხოვნა ექნებათ სახალხო დამცველთან ადვოკატს ან დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე ჩავერთოთ და დამატებით დახმარება გავუწიოთ ოჯახს," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
გარდა ამისა, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების პროცესში აშშ-ის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს. დღეს ოჯახი აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში მივიდა.