ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის საძიებო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი, 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს. საძიებო სამუშაოებში ასევე ჩართულია სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხდება ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება 4 აგვისტოს ღამე შევიდა, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა მაშველთა ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.