გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, თვითმკვლელობის სავარაუდო ვერსია გამორიცხულია. გარდაცვლილის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა.
როგორც ბაჩალიაშვილის მამა ამბობს, სიმართლე აუცილებლად უნდა დადგინდეს.
"თვითმკვლელობის თემა უნდა დავივიწყოთ. ეს გამორიცხულია. ადამიანს, რომელსაც ოჯახში პრობლემა არ აქვს, ყველაფერი აქვს, არის სიცოცხლით სავსე, საზღვარგარეთ წასვლას აპირებს.
ვეკითხებოდი, არაფერს არ იძახდა - თამუნა, რა მოგდის შვილო, ვიღაც ხომ არ გაშანტაჟებს, ან ხომ არ გაშინებს. ტიროდა და არაფერს არ მეუბნებოდა. ეტყობა შიშის ქვეშ იყო. სანამ არ გავიგებ, ალბათ აი იქ მოვკვდები," - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
გარდა ამისა, დღეს ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპიდან მასალები წაშლილია და გამოძიება რეალურ დანაშაულს არ იძიებს.
ამ წუთებში გარდაცვლილი გოგოს ოჯახი გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ხვდება.
ცნობისთვის, შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი საკუთარ კომპიუტერში გაუჩინარებამდე სუიციდის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.