თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მორიგი პროექტი წარადგინა.
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დამატებით სემესტრულად 750 ლარის ოდენობით "მინისტრის სტიპენდიას" მიიღებენ.
"ჩვენი ახალი ინიციატივის თანახმად სამინისტრო საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროების და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. აქვე გაცნობებთ ჩვენ მეორე ინიციატივას - მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სამხედრო მოსამსახურეების, მათი მეუღლეებისა და შვილებისთვის ვაწესებთ სემესტრულ 750 ლარის ოდენობის მინისტრის სტიპენდიას. ამით ჩვენ შევეცდებით წავახალისოთ და მოტივაცია ავუმაღლოთ წარჩინებულ სამხედროებს,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პროექტის წარდგენისას სიტყვით განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც გამოვიდა.
"პროექტი გულისხმობს სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას, ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესებას, სამხედრო მეცნიერებათა განვითარებას, ქართული ჯარის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, პროექტში ჩართული უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ საჯარო ლექციებს სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებს,"- განაცხადა მინისტრმა.