17 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
სახელმწიფო არის დაკონტრაქტებული კრიმინალთან - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე

ახალქალაქში მომხდარ ფაქტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები თბილისში. "ევროპული საქართველო"  ქვეყანაში კრიმინალური შემთხვევების მატებაზე და სახელმწიფო ინსტიტუციების უმოქმედობაზე საუბრობს.

"როდესაც სახელმწიფო არის დაკონტრაქტებული კრიმინალთან, როდესაც შავ სამყაროს იყენებ პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშის გასასწორებლად, როდესაც პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" დარბის ახალქალაქში და იარაღით ჩნდება საზოგადოების წინაშე და შემდეგ მას არ უჩერებენ უფლებამოსილებას, ის არ მიდის ციხეში, ეს არის სწორედ ძალადობის წახალისება და გუშინდელი ვითარება სწორედ შედეგია ამ ძალადობრივი ქმედებებისა," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების და მკვლელობის შემდეგ, ამ წუთებში ქალაქში ვითარება სტაბილურია. ქუჩაზე სადაც არეულობა მოხდა, აღარ დგანან სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ძალები. ახალქალაქში ჩასულია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ვითარებას ადგილზე აკონტროლებს.

ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. დაკავებულია ერთი პირი, რომელიც 27 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობასა და იარაღის ტარებაშია ბრალდებული. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის საქმეზე კი გამოძიება გრძელდება.

მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დააზიანა. დაპირისპირება პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

დღის ამბები