გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მანქანის ექსპერტიზაზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის დასწრებას ითხოვს. მათი განცხადებით, ექსპერტიზა დაზარალებულის მხარის გარეშე არ უნდა ჩატარდეს, როგორც ეს კომპიუტერის და მობილური ტელეფონის შემთხვევაში მოხდა. ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ენდობა.
"როგორც ტელეფონისა და კომპიუტერის შემთხვევაში ველოდები, იგივე მანქანის შემთხვევაში ველოდები, წაშლილი იქნება ყველა კვალი, მე ასე ვფიქრობ, ფაქტი თვალწინაა. არაფერი პასუხი არ მიგვიღია არავისგან. არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ გაუციათ. ველოდებით გამოძიებას. ჩვენი და ადვოკატის თანდასწრებით უნდა გაიხსნას, მაგრამ აზრი?! ტელეფონზე და კომპიუტერზეც ეგრე უნდა ყოფილიყო," - აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.