19 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
ტყიბულში 34 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

ტყიბულში 34 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, კუკა, იგივე ზაურ სოფრომაძეს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ტყიბულიდან თერჯოლის მიმართულებით, საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. სოფრომაძე ნათლობიდან შინ ბრუნდებოდა. გარდაცვლილის ახლობლებმა მომხდარის შესახებ დილით გაიგეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოთხოვნით გამოძახება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში დაფიქსირდა. ეკიპაჟს შემთხვევის ადგილზე ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში ჭრილობებით ახალგაზრდა მამაკაცი დახვდა.

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, დაშავებული სასწრაფომ ტყიბულის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის კლინიკაში შეყვანიდან 15 წუთში გარდაიცვალა.

ცხედარი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში დილით გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. პროცესს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტი წარმართავს.

დღის ამბები