COVID19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებულ 4,000-მდე პირს უფასო იურიდიული დახმარება USAID-ის პროგრამის პროლოგის მეშვეობით გაეწია. ეს პროგრამის ახალი მიმართულებაა, რომელიც მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვას და სახელმწიფო შეღავათებით დაუბრკოლებლად სარგებლობას უზრუნველყოფს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, ქალებისთვის, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.
2015-2019 წლებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ USAID-ის დახმარებით უფასო იურიდიული კონსულტაცია 70 000-მდე მოქალაქეს გაუწია, 10 000 საქმეზე მოქალაქეთა ინტერესებს სასამართლოში თუ სხვა სახელმწიფო უწყებაში კვალიფიციური ადვოკატი იცავდა. ამ დროის განმავლობაში USAID-ის დახმარებით 34 პრეცედენტი შეიქმნა.
USAID აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურთანაც და მას იურიდიული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინსტიტუციურ განვითარებაში ეხმარება, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში განავითარებს სერვისებს და გააუმჯობესებს მოქალაქეების წვდომას იურიდიულ დახმარებაზე.