27 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
საქართველოში "ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის" სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა დაფუძნდა

საქართველოში "ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის" სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა დაფუძნდა. მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროში გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი იუსტიციის, განათლების და მეცნიერების მინისტრებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და "ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის" დირექტორმა მოაწერეს.
საერთაშორისო ორგანიზაციის მიზანი დემოკრატიულ ქვეყნებში საჯარო სამართლისა და მმართველობის მეშვეობით ევროპული ღირებულებების გავრცელებაა.

"დავაფუძნეთ ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის ფილიალი. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რადგან მრავალი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მუშაობა. ორი სამინისტრო იქნება არამარტო დამფუძნებელი, არამედ, პირველ ეტაპზე დამფინანსებელი ამ ფილიალისა და შემდეგ იმედი გვაქვს, რომ იქნება ნებაყოფლობითი დაფინანსებაც,"- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

"ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდება ევროპის საჯარო სამართლის ფილიალი, სადაც განხორციელდება საერთაშორისო აკადემიური პროგრამები და უაღრესად მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევითი პროცესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე,"-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

დღის ამბები