ქობულეთში, კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი ცხელების ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ამ დრომდე მიმდინარეობს ეპიდკვლევა, თუ ვინ არის მისი ინფიცირების წყარო.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ნონა ეფაძე ამბობს, რომ შემთხვევის დადასტურების შემდეგ, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყვნენ გამოვლენილი მისი კონტაქტები, რათა ინფექციის გავრცელების რისკი თავიდან იქნეს აცილებული.
"კვლევა რასაკვირველია მიმდინარეობს, ყველა შესაძლო რისკის შეფასება მოხდა და ველოდებით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. ეს გახლავთ ქობულეთში მყოფი ქალბატონი. მას არ ჰქონდა მოგზაურობის ისტორია. საიდან არის ინფიცირებული, ამის დადგენა ხდება, მაგრამ მთავარი, თვითონ შემთხვევის დადასტურების შემდეგ გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ ის კონტაქტები, ვისზეც შესაძლოა დაავადების განვითარების და გავრცელების საფრთხე გავრცელდეს. ამ ეტაპზე, ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც სავარაუდო წყაროს განსაზღვრა ვერ ხერხდება,"- განაცხადა ნონა ეფაძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ქობულეთში გამოვლინდა. ვირუსი კაფე ჰავანაში მომუშავე ქალს დაუდასტურდა. ჩვენი ინფორმაციით, ის სტუმრებს თერმოსკრინინგის პროცედურებს უტარებდა. მის კონტაქტებს მედიკოსები ამ წუთებშიც იკვლევენ.