ამ წუთებში, ბათუმში "ლელო საქართველოსთვის" პარტიულ ღონისძიებას მართავს და გუნდის ლიდერები ადგილობრივებს ხვდებიან. მათ დღესვე წარუდგენენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს და იმ პირებს, რომლებიც უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის იბრძოლებენ.
"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ღონისძიებაზე რეგიონისა და ქვეყნის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ლელოს" აქვს კონკრეტული გეგმა ამ გამოწვევების დასაძლევად.
"დღეს ჩვენი შრომისუნარიანი მოქალაქეების მასიური გადინება ხდება თურქეთში და სხვა ქვეყნებში. ეს იმ დროს, როდესაც აჭარა თავისი მდებარეობის, კლიმატის, შესაძლებლობების მიხედვით საუკეთესო ადგილია დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.
არ შეიძლება ბათუმი და აჭარა ასოცირებული იყოს კაზინოებთან და სათამაშო ბიზნესთან, ბიზნესთან საიდანაც ბიუჯეტში მიზერული შემოსავალი შემოდის. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამართლიანად დავბეგრავთ სათამაშო ბიზნესს და შემოსულ თანხას განათლების სრულფასოვან რეფორმას მოვახმართ.
დღეს ჩვენს მეთევზეს საკუთარ ზღვაში თევზის ჭერა არ შეუძლია, ჩვენს მეზღვაურს საკუთარი დროშის ქვეშ ცურვა, ჩვენს გლეხს საკუთარ მიწაზე მოსავლის მოყვანა, სწორედ ამიტომ ადამიანები ტოვებენ მამა-პაპის მიწა-წყალს, ადგილობრივი მოსახლეობისგან თანდათან იცლება მთიანი აჭარის ულამაზესი ადგილები და სოფლები. რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ წელს მაღალმთიანი აჭარის 16 სკოლაში არცერთი პირველკლასელი მოსწავლე არ შეაბიჯებს, ხოლო ხულოს 7 სკოლაში ერთადერთი პირველკლასელისთვის დაიწყება ახალი სასწავლო წელი. ეს არის ეროვნული ტრაგედია.
ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, რადგან ეს ჩვენს შვილებს მომავალს უქრობს და ჩვენს ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" თქვენთან კონკრეტული პროგრამით მოდის. "ლელო" მოდის კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმით და დაპირებული სიტყვის საქმედ ქცევის უნარით. "ლელო" იწყებს ბრძოლას აჭარისთვის, ბათუმისთვის, თითოეული თქვენგანისთვის, "ლელო" არის ახალი ძალა, ახალი იმედი, ახალი ფერი, "ლელო" არის თქვენი ძალა რეალური ცვლილებებისთვის. "ლელო" არის ძალა, რომელმაც იცის, როგორ შექმნას სამუშაო ადგილები, ძლიერი საშუალო ფენა, შემოიტანოს უცხოური ინვესტიციები ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის და ფეხზე დააყენოს მცირე და საშუალო ბიზნესი,"-განაცხადა მამუკა ხაზარაზემ.