17 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარად გოგი მეშველიანი წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" წალკაში ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. პარტიის სახელით ბოლნისში-დმანისში-თეთრიწყაროსა და წალკაში გოგი მეშველიანი იბრძოლებს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ კუთხეს ხელისუფლების მეტი ყურადღება სჭირდება.

"ეს ის კუთხეა, რომელიც აწარმოებს ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქციას არამარტო საქართველოსთვის, არამედ ექსპორტისთვის და ამიტომ სულ უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს შესაბამისი სამინისტროების და ადგილობრივი ხელისუფლების ამ კუთხეში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის "ქართული ოცნების" გუნდის ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი. ადამიანი, რომლის მსახურებაც საქართველოს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ძირითადი მიზანი,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

კახა კალაძემ ხაზი წალკელების შრომისმოყვარეობას გაუსვა.

"წალკა ეთნიკურად მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტია. აქ მეგობრულად თანაცხოვრობენ სხვადასხვა წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეები და ყველას აერთიანებს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება - წალკელები საოცრად მშრომელი ხალხი ხართ. ამ მკაცრ კლიმატურ პირობებში შრომას კი სახელმწიფოს და ხელისუფლების თანადგომა, მუნიციპალიტეტისა და თიოთოეული ოჯახის წინაშე მდგარი გამოწვევების კარგად ცოდნა სჭირდება,"-განაცხადა კახა კალაძემ.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი გამოცდილი საჯარო მოხელეა, რაც მას დაეხმარება დაძლიოს მუნიციპალიტეტის გამოწვევები.

"რჩება გამოწვევები და რჩება ბევრი ადამიანი და ოჯახი სიღარიბის პირისპირ. ჩვენი ამოცანაა მივიდეთ უფრო ახლოს ამ ადამიანებთან, მოვისმინოთ უფრო მეტად მათი პრობლემები და გადავჭრათ ეს საკითხები უფრო ეფექტურად. გოგი არის გამოცდილი საჯარო მოხელე, მან კარგად იცის საპარლამენტო მუშაობა, მას აქვს კონტაქტები მთავრობის წევრებთან პრემიერ-მინისტრთან და მას შეუძლია პროექტების დამუშავება თქვენთან ერთად,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გოგი მეშველიანი წალკელებს დაჰპირდა, რომ ყველა აუცილებელი პროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხორციელდება. 

"ყველა ამ საკითხის გადაწყვეტას მთელი სახელისუფლებო გუნდის აქტიური ჩართულობა სჭირდება და მე დაუღალავად ვიშრომებ იმისათვის, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენ მიერაა ჩანიშნული იყოს ძალიან მოკლე ვადებში და სამართლიანად გადაწყვეტილი,"-განაცხადა გოგი მეშველიანმა. 

დღის ამბები