21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ "კურიერს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 21 აგვისტოდან, ანუ საკარანტინო 12 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, გაიხსნება ყველა ადმინისტრაციული ერთეული მესტიისა და ლენჯერის გარდა.
შეზღუდვების მოხსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მესტიის მერიაც.
"მესტიის მუნიციპალიტეტში გაკეთებული 3509 PCR ტესტის საფუძველზე, გვაქვს 33 დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა მხოლოდ ლენჯერის და მესტიის თემებში. გამომდინარე იქიდან, რომ საკარანტინო ვადის პირველი 12 დღე გადის 21 აგვისტოს, აღნიშნული შედეგები აჩენს შესაძლებლობას, რომ 21აგვისტოდან გაიხსნას ყველა ადმინისტრაციულ ერთეული, მესტიის და ლენჯერის გარდა. მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული,"- ამბობენ მერიაში.
რაც შეეხება მესტიისა და ლენჯერის გახსნას, ჩაღრმავებული კვლევისა და თერმოსკრინგის შემდეგ გადაწყდება ამ ორი თემისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი.